ამ მოთხრობების კრებულის ავტორი, ირაკლი ლაითაძე, 50 წლის დებიუტანტი მწერალია; ჩვენი გამომცემლობა სიხარულით წარმოგიდგენთ მის პირველ წიგნს;
ირაკლი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი და კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრია; კითხულობს ლექციებს ილიას და თავისუფალ უნივერსიტეტებში; ის ყოფილი დიპლომატი და მოქმედი ფინანსისტი – GMT ჯგუფის ფინანსური დირექტორია;
მოკლე მოთხრობების ეს კრებული საკუთარ თავში ჩაღრმავების, საკუთარი გამოცდილების, აზრის და ემოციის გაზიარებაა; თვითკრიტიკის, აბსურდის, გარდაუვალ სიკვდილთან თვალის გასწორების მცდელობის, თვითმკვლელობასთან შეთამაშების და იმედის შესახებ;
ამონარიდი ლევან ბერძენიშვილის რეცენზიიდან: “მინიატურული პროზა ურთულესი ჟანრია, საქართველოში იგი ნიკო ლორთქიფანიძესთან ერთად გაჩნდა. ირაკლი ლაითაძის „კედელზე ამოკაწრული ამბები”-ც პატარა ამბებია სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სიყვარულზე, მარტოობაზე, პურის რიგზე, მეორე მსოფლიო ომზე, აფხაზეთის ომზე, თბილისის ომზე, უნივერსიტეტის ბაღზე, დაკარგულ მეგობრებზე, კარიბის ზღვაზე, კილიმანჯაროზე, ბათუმზე, 35 დოლარად გაყიდულ ოქროს მედალზე, პირველ ქალზე, უკანასკნელ წამზე, ყველაფერზე. შოპენის ეტიუდების მსგავს ამ წიგნში არ არის არც ერთი ყალბი ნოტი, ეს წიგნი აღსარებაა, ეს მძიმე წიგნია, ეს მსუბუქად დაწერილი მძიმე წიგნია.”