ბრენდინგს დეტალები ქმნის და ამ დეტალების ერთიანობა გამოკვეთილი, სამახსოვრო იდენტობისთვის მნიშვნელოვანია. კორპორატიული საჩუქრები, როგორც მარკეტინგის სტრატეგიული ინსტრუმენტი, სწორედ მაშინ არის ყველაზე ეფექტური, როდესაც ამ იდენტობას ზედმიწევნით ერგება.
ბრენდბუქი კომპანიის იდენტობის გზამკვლევია, თუმცა საქართველოს ბაზარზე კვლავაც ხშირია შემთხვევები, როცა ბრენდბუქსა და რეალურ შესრულებას შორის დიდი აცდენაა. მაგალითად, თუ ჩანთისა და ყუთის ფერი ან ფაქტურა ერთმანეთს არ ემთხვევა, საჩუქრის ადრესატმა დიდი შანსია ეს აცდენა ქვეცნობიერად აღიქვას როგორც დაუდევრობა, ზედაპირულობა და უპასუხისმგებლობა. შედეგად კი ნეგატიურად განეწყოს ბრენდის მიმართ.
მსგავსი პრობლემების თავიდან აცილება ყველაზე მარტივია თუ სანდო და გამოცდილი პარტნიორი გეყოლებათ პოლიგრაფიაში. სტამბა სეზანი ქართულ ბაზარს უკვე მრავალი წელია მაღალი ხარისხის პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს, და ჩვენმა გუნდმაც ზუსტად იციან, როგორ აქციოს შეფუთვა მარკეტინგულ იარაღად.
სწორად შერჩეული ჩანთა ბრენდის მოძრავი რეკლამაა
სანამ საჩუქარი ადრესატამდე მივა, მან უნდა გაიაროს გზა ქუჩაში, მეტროში ან ოფისის დერეფანში. ამ, ე.წ. ლიმინალური სივრცეებში, ბრენდინგი ყველაზე აქტიურად მუშაობს. იმისათვის, რომ თქვენი ბრენდი გამვლელს მარტივად დაამახსოვრდეს, ლოგო შორიდანვე შესამჩნევი და აღქმადი იყოს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაჩუქრე ჩანთები გამძლე ქაღალდისგან (მინიმუმ 200 GSM) იყოს დამზადებული, ხოლო ფერი და ფაქტურა თქვენს ბრენდბუქს ერგებოდეს. სასაჩუქრე ჩანთა თქვენი ბრენდის პირველ შთაბეჭდილებას ქმნის არა მხოლოდ უშუალო ადრესატისთვის, არამედ ყველასთვის ვინც თვალს მოკრავს.
გასათვალისწინებელია მასალების თავსებადობაც, რადგან ქაღალდის ჩანთა და მუყაოს ყუთი სხვადასხვა ტექნოლოგიითა და მასალით მზადდება. ეს კი, თავის მხრივ, ფერის აღქმაზე ახდენს გავლენას. ვიზუალურად ისინი ერთიან ჰარმონიულ ვიზუალურ ეკოსისტემას უნდა ქმნიდნენ.
როდესაც ადრესატი იღებს ჩანთიდან ყუთს, ფერთა გამა და დიზაინის ელემენტები არ უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ჩანთასთან ვიზუალურად თანხმობაში მყოფი სასაჩუქრე ყუთები ერთგვარ ვიზუალურ ექოს ქმნის, რაც აძლიერებს ადრესატში განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და დეტალებისადმი ყურადღების განცდას. ოპტიმალური მასალაა 1.5-3 მმ სისქის მყარი მუყაო.
პოლიგრაფიული პროდუქცია, როგორც ბრენდის ეფექტური წარმდგენი
კორპორატიული საჩუქარი პირველ რიგში მარკეტინგული იარაღია. როგორც უკვე ვისაუბრეთ ჩვენს კორპორატიული საჩუქრის სრულ გზამკვლევში, ფუნქციური ნივთების პარალელურად გზავნილი რაიმე ისეთსაც უნდა შეიცავს, რაც ადრესატს ბრენდზე ახალ ინფორმაციას მიაწვდის ან ბოლო მიღწევებს წარმოაჩენს.
თუ საჩუქრის მიზანი პარტნიორისთვის ახალი სერვისების გაცნობა ან გაყიდვების სტიმულირებაა, ყუთში აუცილებლად უნდა იდოს პროდუქციის გზამკვლევი. აუცილებელია ხარისხიან კატალოგის ბეჭდვაში ინვესტიცია — იმისთვის, რომ პირველი შთაბეჭდილება ახალ პროდუქტზე მაქსიმალურად პოზიტიური იყოს, კრიტიკულია ფოტოების რეალისტური გადმოცემა მაღალი ხარისხის ქაღალდზე.
ბოლო დროს სულ უფრო პოპულარულია განსაკუთრებული შემთხვევების — საიუბილეო თარიღები და მნიშვნელოვანი მოვლენების — დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან პარტნიორებთან თუ კლიენტებთან უფრო მასშტაბური საჩუქრების გაგზავნაც. აქაც, სტანდარტული კორპორატიული საჩუქრის მსგავსად, მთავარია ბრენდის მაქსიმალურად პოზიტიურად წარდგენა, მაგრამ უკვე უფრო მაღალ დონეზე.
მსგავსი განსაკუთრებული გამოცემები, როგორც წესი ან ისტორიული წიგნები (გრძელვადიანი ისტორიის შემთხვევაში) ან მაღალი ხარისხის ფოტომასალის ალბომია (თანამედროვე სტარტაპები). ამგვარი გამოცემები უმეტესწილად მყარ ყდაში კეთდება. მსგავსი წიგნის ბეჭდვა გულისხმობს გამოსახულებისა და ტაქტილური გამოცდილების განსკუთრებით მაღალ ხარისხს (პრემიუმ ქაღალდი, აკინძვისას ძაფით კერვის მეთოდის გამოყენება წიგნის ყუა რომ არ დაზიანდეს, ა.შ).
რასაკვირველია, ორივე შემთხვევაში უმთავრესია ყდის მასალებისა და ფერების სრული თანხვედრა ბრენდბუქთან.
როგორ უზრუნველყოფს სტამბა საბოლოო პოლიგრაფიის ბრენდბუქთან თანხმობას?
მთავარი ტექნოლოგიურ პრობლემა, რომელიც ხშირად მარკეტოლოგებს თავს ატკიებს: რატომ ჩანს ერთი და იგივე ფერი განსხვავებულად სხვადასხვა ფიზიკური თვისებების მქონე ზედაპირზე?
ბრენდბუქში ფერები, როგორც წესი, კონკრეტული კოდებით კლასიფიცირდება. როგორც წესი, Pantone სისტემით. მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ კონკრეტულ მასალაზე ფერი უფრო ღია ან უფრო მუქი დაჯდა და საჭირო გახდა სხვა ტონზე ცვლილება.
მნიშვნელოვანია, ასევე, ბეჭდვის ტექნოლოგია. ოპტიმალური გადაწყვეტა ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ რა პროდუქტს ქმნით, არამედ რა რაოდენობით.
თუ თქვენ გჭირდებათ მცირე ტირაჟი და თან, გსურთ, სხვადასხვა ეგზემპლიარებს უნიკალური დეტალები დაუმატოთ, მაშინ სტამბა დიდი ალბათობით ციფრული ბეჭდვის მეთოდს გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ისაა, რომ შეძლებთ ოპერატიულად მიიღოთ საცდელი ნიმუში და დარწმუნდეთ ფერების სიზუსტეში ტირაჟის გაშვებამდე.
სიტუაცია რადიკალურად იცვლება, როცა ტირაჟი დიდია და კორპორატიული ფერი (მაგალითად, სპეციფიკური „კოკა-კოლას წითელი“ ან „ტიფანის ლურჯი“) უცვლელი უნდა იყოს ათასობით ყუთსა, ჩანთასა და ბროშურაზე.
ამ შემთხვევაში ოფსეტური ბეჭდვა გამოიყენება — მზადდება სპეციალური საბეჭდი ფორმები, რომლებიც შემდეგ უკვე ათასობით იდენტური პროდუქტის დასაბეჭდად გამოიყენება.
ორივე — ციფრული თუ ოფსეტური ბეჭდვის დროს — ფერების დასასმელად სტანდარტულად CMYK სისტემა გამოიყენება (ბიუჯეტურობის გამო). თუმცა თუ საშუალება არის ჯობია უშუალოდ Pantone-ის ფერების სისტემის გამოყენება, რადგან CMYK-ს არ შეუძლია ზოგიერთი სპეციფიკური ფერისა თუ ტონალობის დასმა. განსაკუთრებით ეს ოფსეტურ ბეჭდვას ეხება, რადგან ერთი შეცდომის შემდეგ უკვე შეუძლებელი იქნება დანარჩენი ტირაჟის კორექტირება.