წიგნის გარეკანი ის დეტალია, რომელიც მკითხველის მზერას მყისიერად იპყრობს. ამის გამო გამომცემლები და დიზაინერები დიდ დროს შრიფტის, ილუსტრაციისა და კომპოზიციის სრულყოფას უთმობენ. თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის პირველადი რეაქცია და შემდგომი არჩევანი ყდის ფერზეა დამოკიდებული.
რატომ არის ფერი წიგნის პირველი ხმა?
ფერების კვლევის ინსტიტუტის (CCICOLOR) მონაცემები მოწმობს, რომ მომხმარებელი ახალ პროდუქტზე პირველ შთაბეჭდილებას დაახლოებით 90 წამში იქმნის. საინტერესოა, რომ ამ ხანმოკლე დროში მიღებული შთაბეჭდილების დიდი ნაწილი, კერძოდ 62%-დან 90%-მდე, ფერით არის ნაკარნახევი. ლიტერატურულ სფეროში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს, რადგან წიგნი თაროზე უამრავი მსგავსი გამოცემის გვერდით დევს და მისი შინაარსი, ავტორის ხელწერა თუ სიუჟეტური ხაზი, ერთი მზერით არ აღიქმება.
მონაცემები აჩვენებს, რომ არჩევანის ნახევარს სწორედ გარეკანის დიზაინი განსაზღვრავს. ამ მოცემულობაში კი ფერი უმთავრეს როლს ასრულებს. სტამბაში პროფესიონალური ბეჭდვა და ფერების ზუსტი, ხარისხიანი გადმოცემა არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი წინასწარ მიანიშნებს ჟანრზე, აღვიძებს გარკვეულ ემოციას და მკითხველს წიგნის ხასიათს ჰკარნახობს მანამ, სანამ ის სათაურის წაკითხვას მოასწრებს.
თითოეული ფერი მკითხველში განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს
ფერების ფსიქოლოგიაში თითოეულ ფერს საკუთარი ემოციური დატვირთვა აქვს. გამომცემლები ამ ასოციაციებს საუკუნეების განმავლობაში იყენებენ და დღეს უკვე ყდაზე დატანილი პალიტრა თავისთავად აღძრავს მოლოდინს ნაწარმოების ჟანრისა თუ განწყობის შესახებ.
წითელი ენერგიას, ვნებასა და დრამატიზმს გამოხატავს. იგი თრილერების, დეტექტივებისა და რომანტიკული პროზის გარეკანებზე ხშირად გვხვდება. მაგალითად, დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდის“ ბევრ გამოცემაში სწორედ ეს ფერია გამოყენებული. შავი კი სიღრმესა და იდუმალებას გადმოსცემს. ამიტომაც მოიპოვა მან ფსიქოლოგიურ თრილერებსა და ლიტერატურულ ფიქციაში წამყვანი ადგილი.
ლურჯი სიმშვიდეს, ნდობასა და სტაბილურობას უკავშირდება. იგი ბიზნეს ლიტერატურის, მემუარებისა და თვითგანვითარების ჟანრისთვის საუკეთესო არჩევანია. ბრენდის სანდოობის ხაზგასასმელად ეს ფერი მარკეტინგულ მასალებშიც აქტიურად გამოიყენება, ამიტომ ფლაერების ბეჭდვა თუ სხვა კორპორატიული პოლიგრაფიის შექმნა ხშირად სწორედ ლურჯი ტონალობის დომინირებით მიმდინარეობს. საერთაშორისო ბესტსელერი „ატომური ჩვევებიც“ მკითხველის წინაშე სწორედ ღია ლურჯი გარეკანით წარადგინეს.
მწვანე ფერი, ერთი მხრივ, ბუნებასა და ჰარმონიასთან არის დაკავშირებული, მეორე მხრივ კი, მეტად ჯადოსნური და მისტიკურია. მსგავსი გავლენის გამო, ფენტეზის ჟანრი ამ ტონალობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, რასაც „ჰარი პოტერის“ სერიის არაერთი გამოცემაც მოწმობს.
ყვითელი ოპტიმიზმთან, ენერგიასა და სითბოსთან ასოცირდება. იგი ხშირად ამშვენებს საბავშვო ლიტერატურას, სათავგადასავლო და იუმორისტულ ნაწარმოებებს. მაგალითად, „პატარა უფლისწულის“ გამოცემები მკვეთრი ყვითელი ფონით გახდა ცნობადი.
ფერის აღქმა კულტურიდან კულტურაში იცვლება
ფერის აღქმა მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორებით არ შემოიფარგლება, მას კულტურული, ისტორიული და რელიგიური მეხსიერებაც აყალიბებს. ეს მოცემულობა წიგნის გარეკანის შექმნისას განსაკუთრებით საგულისხმოა, მით უმეტეს, როდესაც გამოცემის გავრცელება სხვადასხვა ბაზარზე იგეგმება. წიგნის გარეკანის შექმნასთან ერთად ფერების ფსიქოლოგიას დიდი ყურადღება ეთმობა ბრენდის სავიზიტო ბარათების შექმნისას, სწორედ მისი დახმარებით კომპანია აღწევს მომხმარებლის ქვეცნობიერში და აყალიბებს ნდობაზე დაფუძნებულ ემოციურ კავშირს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ რაიმე სახის კომუნიკაცია შედგება.
მაგალითად, თეთრი დასავლურ სამყაროში სისუფთავესა და უმანკოებასთან ასოცირდება, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში კი გლოვის გამომხატველია. წითელი ევროპულ კონტექსტში ვნებასა თუ საფრთხეს უკავშირდება, ჩინეთში კი წარმატებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
მსგავსი განსხვავებები ქართულ რეალობაშიც იკვეთება. თუკი დასავლურ დიზაინში შავი ხშირად ელეგანტურობას უსვამს ხაზს, ქართულ აღქმაში იგი უპირველესად გლოვასთან იგივდება.
ამრიგად, ასეთი კულტურული თავისებურებები გამომცემლებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ერთი და იგივე ვიზუალი სხვადასხვა გარემოში შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული ემოციის გამომწვევი აღმოჩნდეს. ამის გამო, საერთაშორისო გამოცემები ერთი წიგნისთვის რამდენიმე ვარიანტს ამზადებენ, სადაც ქვეყნების მიხედვით იცვლება როგორც ფერთა პალიტრა, ისე ვიზუალური აქცენტები.
ბეჭდვის ხარისხს ფერის აღქმაში დიდი წვლილი მიუძღვის
ფერის ფსიქოლოგიური ეფექტი მხოლოდ მაშინ ვლინდება სრულად, თუ იგი ბეჭდვისას მაქსიმალური სიზუსტით გადმოიცემა. ხშირად ეკრანზე ნანახი ტონალობა და ქაღალდზე მიღებული შედეგი ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც ფერის გადმოცემის ტექნიკური თავისებურებებით აიხსნება.
ეკრანი RGB სისტემას იყენებს, სადაც ფერი სინათლის გამოსხივებით იქმნება, ბეჭდვისას კი ფერები CMYK პრინციპით, საღებავის ფენების თანმიმდევრული დადებით მიიღება. ამ ორ სისტემას შორის ფერის ზუსტი გადატანა მაღალკვალიფიციურ კალიბრაციასა და პროფესიულ გამოცდილებას მოითხოვს.
აღქმაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქაღალდის ტიპიც. მქრქალ ზედაპირზე ფერები უფრო მსუფუქად დარბილად წარმოჩნდება, რაც ლიტერატურულ ან აკადემიურ გამოცემებს იდეალურად მიესადაგება. პრიალა ქაღალდი კი მეტწილად ჟურნალების ბეჭდვისას გამოიყენება, რადგან იგი ფერებს სიმკვეთრესა და სიღრმეს მატებს.
ამასთან, მნიშვნელოვანია ბეჭდვის სწორი მეთოდის შერჩევაც. ოფსეტური ბეჭდვა ფერებს ზუსტად და თანმიმდევრულად გადმოსცემს, რაც დიდ ტირაჟებზე მუშაობისას ყველაზე ეფექტურ შედეგს იძლევა. ციფრული მეთოდი კი მცირე პარტიების შემთხვევაში უფრო პრაქტიკულია. ხარისხიანი შედეგი ორივე შემთხვევაში ტექნიკურ გამართულობასა და დეტალებისადმი ყურადღებაზეა დამოკიდებული.
დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ წიგნის გარეკანი მკითხველთან ურთიერთობის საწყისი წერტილია, სადაც ფერი წამყვან როლს ასრულებს. იგი წინასწარ მიანიშნებს ჟანრზე, აღვიძებს ემოციას და ადამიანის არჩევანზე ხშირად ქვეცნობიერ დონეზე, სათაურის წაკითხვამდე მოქმედებს. ამავდროულად, შერჩეული პალიტრის ეფექტურობა ბეჭდვის ხარისხზეა დამოკიდებული. მხოლოდ ზუსტი გადაცემა იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩანაფიქრი საბოლოო პროდუქტში უცვლელად აისახება.
სტამბა „სეზანი“ 30 წელზე მეტია პოლიგრაფიულ ბაზარზე მოღვაწეობს. წიგნების, ჟურნალებისა თუ კატალოგების ბეჭდვაში დაგროვებული მრავალწლიანი პრაქტიკა ნებისმიერი სირთულის იდეის სრულყოფილად შესრულების საფუძველია. თუ გამოცემაზე მუშაობთ და ფერთა გამის მაქსიმალურ სიზუსტეს ეძებთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 235 70 02.