ივლისი 27, 2026

ლამაზი შრიფტი: რა არის გასათვალისწინებელი წიგნის, ჟურნალის, კალენდრის, ბლოკნოტისა და კატალოგის დაბეჭდვისას?

ლამაზი შრიფტის არჩევა

ბეჭდური მასალის ხელში აღებისთანავე მკითხველს გარკვეული შთაბეჭდილება ექმნება. ამ განწყობაზე ფაქტურა, ფერი, კომპოზიცია და შრიფტი ერთობლივად მოქმედებს. სწორედ ლამაზი შრიფტი განსაზღვრავს, თუ რამდენად სასიამოვნო იქნება კითხვის პროცესი, რა ემოციას აღძრავს ტექსტი და როგორ დაამახსოვრდება ადამიანს ბრენდი. 

ამ ბლოგში განხილულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც წიგნის, ჟურნალის, კალენდრის, ბლოკნოტისა და კატალოგისთვის ლამაზი შრიფტის შერჩევას განსაზღვრავს.

როგორ უნდა განაწილდეს შრიფტები ჟურნალებში სხვადასხვა სექციის გამოსაყოფად?

ჟურნალის ერთ გვერდზე ხშირად სტატიასთან ერთად ფოტო, ციტატა ან სარეკლამო ბლოკიც იბეჭდება. რადგან სივრცე ასეთი დატვირთულია, ინფორმაციის გასამიჯნად სხვადასხვა ლამაზ შრიფტს იყენებენ. ტექსტის განსხვავებული სტილი მკითხველს ეხმარება, მთავარი თემა მაშინვე შეამჩნიოს და ყურადღება დამატებით დეტალებზე მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანოს.

ჟურნალის სათაურებისთვის დეკორატიული ან ე.წ. Display შრიფტები გამოიყენება, რადგან ისინი ერთი შეხედვითვე იპყრობს ადამიანის ყურადღებას. ძირითად ტექსტში კი, წიგნის მსგავსად, Serif ან ჰუმანისტურ Sans-serif შრიფტებს ენიჭება უპირატესობა.

ქართულ გამოცემებში ჟურნალების ბეჭდვისას განსაკუთრებული ყურადღება ლათინური ჩანართების სტილისტურ თავსებადობას ეთმობა. როდესაც ერთ აბზაცში ქართული შრიფტი ლათინურ სიტყვებთან გვერდიგვერდ გამოიყენება, დიზაინი ორივე ანბანის ვიზუალურ მთლიანობას უნდა ინარჩუნებდეს.

რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიონალური სავიზიტო ბარათების დამზადებისას?

სავიზიტო ბარათზე ძირითადი ინფორმაციის დასაბეჭდად უმჯობესია მარტივად წასაკითხი შრიფტის გამოყენება. სახელი და გვარი შეიძლება შედარებით დიდი ზომით ან უფრო სქელი მოხაზულობით დაიბეჭდოს, ხოლო თანამდებობა, ტელეფონის ნომერი და ელფოსტა შედარებით სადა სტილით. კომპანიებისთვის სავიზიტო ბარათების დამზადებისას შრიფტი ბრენდის იდენტობასაც უნდა შეესაბამებოდეს.

როგორ შევარჩიოთ ლამაზი შრიფტი ფლაერებისთვის, ინფორმაციის სწრაფად და მარტივად აღსაქმელად?

ფლაერის მთავარი მიზანია, მოკლე დროში მიაწოდოს ადამიანს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მისი ყურადღება კონკრეტული შეთავაზებისკენ მიმართოს. ამიტომ სათაურისთვის გამოიყენება შედარებით დიდი, სქელი ან დეკორატიული ლამაზი შრიფტი, აღწერილობისთვის კი შედარებით სადა. სანამ ფლაერების დაბეჭდვა დაიწყება, საკონტაქტო ინფორმაცია, თარიღი, მისამართი და მოწოდება მოქმედებისკენ ზომით, სისქით ან ფერით უნდა გამოიყოს.

როგორი შრიფტით უნდა დაიბეჭდოს ციფრები კალენდარში, შორი მანძილიდანაც წაკითხვადი რომ იყოს?

კალენდარზე გრძელი ტექსტი თითქმის არასდროს არის დატანილი და მთავარი აქცენტი ციფრებზე კეთდება, რომელთა გარჩევა შორი მანძილიდანაც შესაძლებელი უნდა იყოს. ამ თავისებურებიდან გამომდინარე, Sans-serif შრიფტი საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევა. ის სუფთა და გეომეტრიულია, თან გადატვირთულიც არ არის. 

თვეების გამოსაყოფად ძირითადად დეკორატიული შრიფტი გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ კალენდრის დამზადება კონკრეტული თემატური დიზაინით იგეგმება. ციფრები კი მთელი წლის განმავლობაში ერთიანი სტილითა და გეომეტრიული შრიფტით უნდა გადმოიცეს, რათა ვიზუალური თანმიმდევრულობა არ დაირღვეს.

კალენდარში შაბათ-კვირა და უქმე დღეები სხვა თარიღებისგან უნდა განსხვავდებოდეს. შრიფტის სისქის ცვლილება ან ფერით შექმნილი კონტრასტი ამ ნაწილს უკეთესად გამოკვეთს და ინფორმაციაც უფრო სწრაფად აღქმადი ხდება.

როგორ გადმოსცემს ბლოკნოტზე შრიფტის დიზაინი ბრენდის ხასიათსა და ინდივიდუალობას?

ბლოკნოტი, განსაკუთრებით კორპორაციული ტიპის, ძალიან საინტერესო პროდუქტია, რადგან ის პერსონალური ნივთიცაა და ბრენდის წარმოჩენის გზაც. ვინაიდან მასზე ტექსტი, ძირითადად, ყდასა და პირველ გვერდზე იბეჭდება, შრიფტის დიზაინი პროდუქტის საერთო ხასიათს განსაზღვრავს.

ბლოკნოტის დაბეჭდვისას ყდაზე გამოყენებული ლამაზი შრიფტი ბრენდის იდენტობას უნდა ასახავდეს. ფორმალური ხასიათის ბრენდისთვის Serif ან კლასიკური Sans-serif ფონტებია შესაფერისი, ხოლო თანამედროვე ვიზუალისთვის – ექსპერიმენტული, გეომეტრიული ან ხელნაწერი სტილის ლამაზი შრიფტები. ხაზების, თარიღებისა თუ თავსართების არსებობისას ბლოკნოტის შიდა გვერდებისთვის მინიმალისტური სტილის ფონტი შეირჩევა.

როგორ უნდა შეესაბამებოდეს შრიფტი ბრენდის ვიზუალურ იდენტობას სასაჩუქრე ჩანთაზე?

კლასიკური ან პრემიუმ ბრენდისთვის სასაჩუქრე ჩანთების დასამზადებლად დახვეწილი და სადა შრიფტები შეირჩევა, მაგალითად, ასეთებია Noto Serif Georgian და BPG Venuri. თანამედროვე და მინიმალისტური ვიზუალისთვის შესაფერისია მკაფიო, გეომეტრიული ფორმების მქონე ფონტები, მაგალითად FiraGO და BPG Mrgvlovani. კრეატიული ბრენდის შემთხვევაში კი შესაძლებელია დეკორატიული ან ხელნაწერი სტილის შრიფტების გამოყენება, ALK Life-ისა და BPG Banner QuadroSquare-ის მსგავსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ტექსტი მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს და ლოგოსთან ვიზუალურ წინააღმდეგობას არ ქმნიდეს. 

სასაჩუქრე ჩანთა, ბრენდირებული ყუთის მსგავსად, ვიზუალური კომუნიკაციის ნაწილია. ამიტომ მასზე დატანილი ლოგო, სლოგანი ან მოკლე გზავნილი მომხმარებლის ყურადღებას პირველივე შეხედვისას უნდა იქცევდეს, შრიფტი კი კომპანიის იდენტობასა და ჩანთის საერთო დიზაინს უნდა შეესაბამებოდეს.

რა პრინციპით უნდა დალაგდეს ინფორმაცია კატალოგში ერთიანი სტილის შესანარჩუნებლად?

კატალოგი იმ პროდუქტთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც რამდენიმე ფუნქციას აერთიანებს, მათ შორის პროდუქციის წარდგენას, ინფორმაციის მიწოდებასა და გაყიდვას. შრიფტი აქ ერთიანი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენება, რათა ათობით გვერდზე თანმიმდევრულობა შენარჩუნდეს. 

კატალოგის დასაბეჭდად რეკომენდებულია ისეთი შრიფტის შერჩევა, რომელსაც სხვადასხვა სისქისა და სტილის ვერსიები აქვს, მაგალითად: Regular, Bold და Light. ასეთი კომბინაცია საშუალებას იძლევა, ერთმა შრიფტმა სხვადასხვა დანიშნულების ტექსტი – პროდუქტის დასახელება, აღწერა თუ ტექნიკური მონაცემები – ვიზუალურად გამიჯნოს და, ამავდროულად, საერთო სტილი შეინარჩუნოს. 

როგორ უნდა იკითხებოდეს და აღიქმებოდეს ტექსტი წიგნში მარტივად?

ძირითადი ტექსტისთვის უმეტესად Serif შრიფტებს იყენებენ. Serif, ანუ ასოს ბოლოში დატანებული პატარა შტრიხი, მზერას მიმართულებას აძლევს და მომდევნო სტრიქონზე გადასვლას აადვილებს. ტექსტის ასაკრეფად სტანდარტულად 9-დან 12-მდე ზომას არჩევენ, სტრიქონებს შორის დაშორება კი 1.3-სა და 1.5-ს შორის მერყეობს.  

რაც შეეხება წიგნის ყდისთვის ლამაზი შრიფტის შერჩევას, ამ დროს ძირითადად ისეთ სტილს იყენებენ, რომელიც ერთი შეხედვითვე იქცევს ყურადღებას და შორიდანაც ადვილად იკითხება. ავტორის სახელსა და დამატებით ინფორმაციას კი სადა ვიზუალით ბეჭდავენ, რათა მან მთავარი სათაური არ გადაფაროს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული შრიფტი ლათინურისგან აგებულებით განსხვავდება, ამიტომ წინასწარ უნდა შემოწმდეს, რამდენად მკაფიოდ იკითხება ფონტი დაბეჭდილ ფურცელზე. 

ამრიგად, შრიფტი მხოლოდ ვიზუალური დეტალი არ არის. ის განსაზღვრავს ბეჭდური პროდუქციის კითხვის ხარისხს, მის აღქმასა და იმ შთაბეჭდილებას, რომელიც მკითხველს რჩება. მართალია, წიგნს, ჟურნალს, კალენდარს, ბლოკნოტსა და კატალოგს განსხვავებული დანიშნულება აქვს, თუმცა სწორად შერჩეული ქართული შრიფტი თითოეული მათგანის ფუნქციას უკეთ წარმოაჩენს.

პოლიგრაფიულ პროცესში ამგვარ ნიუანსებს სტამბა „სეზანი“ 30 წელზე მეტია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. პრემიუმ ხარისხის ბეჭდვა დაგროვილი გამოცდილებისა და საქმისადმი პროფესიული მიდგომის შედეგია. 

დეტალური ინფორმაციისთვის ხელმისაწვდომია ვებგვერდი cezanne.ge და საკონტაქტო ნომერი: 032 235 70 02.

Scroll to Top