ოქტომბერი 7, 2026

რა წვლილი შეაქვს ბიოდეგრადირებად მასალებს ეკოლოგიური პრობლემების შემცირებაში?

ეკოლოგიურად სუფთა ბეჭდვა, ბიოდეგრადირებადი მასალები და თუ რა უპირატესობა აქვს ქაღალდისა და მუყაოს გამოყენებას

OECD-ის მონაცემებით, შეფუთვა მსოფლიოში წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენების 40%-ს შეადგენს. ამ ნარჩენების შემცირების ერთ-ერთი გზა შეფუთვის დასამზადებლად ნაკლები პლასტმასის გამოყენებაა. ამიტომ სასაჩუქრე ყუთის, პარკისა თუ სხვა შესაფუთი პროდუქტის შეკვეთისას მასალის არჩევას ეკოლოგიური მნიშვნელობაც აქვს. 

რატომ იქცა შეფუთვის მასალა გარემოსდაცვით საკითხად? 

ეკოლოგიურ საკითხებზე საუბრისას გარემოს დამაბინძურებელ მთავარ ფაქტორებად ხშირად მხოლოდ მსხვილი ქარხნები და სამრეწველო გამონაბოლქვი მიიჩნევა. თუმცა გარემოს ყოველდღიური მოხმარების ნივთებიც აბინძურებს, მათ შორის პროდუქტის შეფუთვა, ეტიკეტები და ერთჯერადი ბეჭდური მასალები, რომლებსაც გამოყენების შემდეგ ვყრით. 

პრობლემის მასშტაბს კარგად ასახავს Earth Action-ის 2025 წლის ანგარიში, რომლის თანახმად, მსოფლიოში პლასტმასის ნარჩენების მოცულობამ 225 მილიონ ტონას მიაღწია. ეს წინა წლის მაჩვენებელს 5 მილიონი ტონით აღემატება. ამ ნარჩენების თითქმის მესამედი სათანადოდ ვერ მუშავდება და ბუნებაში ხვდება. პლასტმასის დაშლას კი ათეულობით, ზოგ შემთხვევაში ასეულობით წელი სჭირდება. მაგალითად, ნიადაგში პოლიეთილენის კონტეინერის დაშლას 50 წლიდან 80 წლამდე სჭირდება, პლასტმასის ბოთლისას კი 450 წელზე მეტი. 

მაგალითად სასაჩუქრე ყუთები შეიძლება გამძლე და ვიზუალურად მიმზიდველი იყოს, თუმცა გამოყენების შემდეგ გარემოს აბინძურებდეს. ამიტომ ეკომეგობრული მასალის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რა ნედლეულისგან მზადდება ის, რამდენ ხანს გამოიყენება და რა ბედი ელის გადაყრის შემდეგ.

რა არის ბიოდეგრადირებადი მასალა და რით განსხვავდება ის გადამუშავებადისა და მეორადისგან? 

ბიოდეგრადირებადია მასალა, რომელიც მიკროორგანიზმების მოქმედებით ბუნებრივად იშლება. პოლიგრაფიულ მომსახურებაში ასეთი მასალების გავრცელებული მაგალითებია ქაღალდი, მუყაო და კრაფტის ქაღალდი. ხელსაყრელ პირობებში ისინი რამდენიმე თვეში სრულად იშლება, თუმცა ეს ვადა დამოკიდებულია ტენიანობაზე, ტემპერატურასა და იმაზე, თუ რა დანამატებს ან დამცავ საფარს შეიცავს ეს მასალები. 

ტერმინები „ბიოდეგრადირებადი“, „გადამუშავებადი“ და „მეორადი“ მასალის სხვადასხვა მახასიათებელს აღწერს:

  • ბიოდეგრადირებადი მასალა: შესაბამის პირობებში მიკროორგანიზმების მოქმედებით იშლება. ასეთი მასალების მაგალითებია ქაღალდი და მუყაო, რომელიც ხშირად წიგნებისა და ბლოკნოტების დასამზადებლად გამოიყენება.
  • გადამუშავებადი მასალა: მისი დამუშავებით ახალი პროდუქტის დამზადება შეიძლება. მაგალითად, PET ბოთლებისგან ახალ შეფუთვას აწარმოებენ.
  • მეორადი ნედლეული: მას უკვე გამოყენებული მასალის გადამუშავებით იღებენ. ამის მაგალითია მაკულატურისგან დამზადებული ქაღალდი.

ერთი მასალა შეიძლება ბიოდეგრადირებადიც იყოს და გადამუშავებადიც. ამის მაგალითია ქაღალდი. 

როგორ შევამციროთ ბეჭდური პროდუქციის ეკოლოგიური კვალი?

ეკომეგობრული ბეჭდური პროდუქციის დასამზადებლად მასალა მისი დანიშნულების მიხედვით უნდა შეირჩეს. იქ, სადაც გამძლეობისა და პროდუქტის დაცვის მოთხოვნები ამის საშუალებას იძლევა, პლასტმასა ქაღალდითა და მუყაოთი შეიძლება ჩანაცვლდეს. ქაღალდი განახლებადი ნედლეულისგან მზადდება, გადამუშავებადია და შესაბამის პირობებში ბუნებრივად იშლება. მაგალითად, ბრენდირებული ქაღალდის ჩანთით პლასტმასის პარკის ჩანაცვლებაც შეიძლება და კომპანიის იდენტობის უკეთ წარმოჩენაც, დიზაინში ბრენდის ლოგოსა და ფერების გამოყენებით. 

ქაღალდის შერჩევისას მისი წარმომავლობაც გასათვალისწინებელია. FSC-ის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ხის ნედლეული გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით მართული ტყეებიდან მიიღება. ეკოლოგიური უპირატესობა აქვს გადამუშავებულ მასალასაც. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ახალი ქაღალდის ნაცვლად მეორადის წარმოება ჰაერის დაბინძურებას 74%-ით, წყლის მოხმარებას კი 50%-ით ამცირებს. სრულად რეციკლირებული პროდუქციის შემთხვევაში ნახშირბადის ემისიაც 38%-ით ნაკლებია.

ქაღალდის გარდა, გარემოზე ზემოქმედებას ბეჭდვისას გამოყენებული საღებავის შემადგენლობაც განსაზღვრავს. სოიოს ბაზაზე დამზადებულ საღებავებში მავნე აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) წილი მხოლოდ 0.8%-ია, ნავთობის ბაზაზე დამზადებულ ანალოგებში კი ეს მაჩვენებელი 4.6%-ს აღწევს. ამასთან, სოიოს საღებავი ბუნებაში ოთხჯერ უფრო სწრაფად იშლება და ქაღალდის შემდგომ გადამუშავებასაც არ აფერხებს.

ნარჩენების შემცირებას შეფუთვის ზომების სწორად შერჩევაც უწყობს ხელს. ნივთის ზომაზე მორგებული მუყაოს ყუთის დასამზადებლად ნაკლები ნედლეული იხარჯება, ტრანსპორტირებისას ტვირთის წონაც მცირდება და გამოყენების შემდეგ ნაკლები ნარჩენი რჩება. ამასთან, თუ შეფუთვა მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, მისი ახლით ჩანაცვლება უფრო იშვიათად ხდება, რაც გადასაყრელი მასალის რაოდენობას კიდევ უფრო ამცირებს.

ამრიგად, ერთხელ გამოყენებული შეფუთვა შესაძლოა გარემოში წლობით დარჩეს. ამიტომ მასალის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, გამოდგება თუ არა ის ხელახალი გამოყენებისა თუ გადამუშავებისთვის და რა პირობებში დაიშლება ბუნებრივად. ასეთი მასალის შერჩევაში სტამბა „სეზანის“ გუნდი დაგეხმარებათ. 

რა უნდა შევათანხმოთ პროდუქტის ბეჭდვამდე?

ეკომეგობრული შეფუთვის შერჩევისას, პირველ რიგში, განსაზღვრეთ, რა პროდუქტისთვის გჭირდებათ ის და რა პირობებში გამოიყენებთ. წიგნების ბეჭდვისას ქაღალდის სახეობა, სისქე და დამუშავების მეთოდი სტამბასთან ერთად იმის მიხედვით შეარჩიეთ, ექნება თუ არა შეფუთვას საკვებთან უშუალო შეხება, მოხვდება თუ არა ტენიან გარემოში და რა წონის ნივთს მოათავსებთ მასში. 

ასევე აუცილებლად უნდა შეათანხმოთ სახელურების, ლენტებისა და ჩანართების მასალა და მათი დამაგრების წესი. მაგალითად, ქაღალდის ყუთს ქსოვილის ლენტი ადვილად უნდა სცილდებოდეს, რათა გამოყენების შემდეგ ქაღალდი გადამუშავებისთვის ცალკე შეაგროვოთ. 

ასევე დააზუსტეთ, აქვს თუ არა მასალას ბიოდეგრადირებადობის ან კომპოსტირებადობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი და სად შეიძლება გამოყენებული შეფუთვის ჩაბარება. წინასწარ განსაზღვრეთ ზომები და ტირაჟიც, რათა ზედმეტი ქაღალდი არ დაიხარჯოს და გამოუყენებელი მარაგი არ დაგრჩეთ. 

სტამბა „სეზანში“ ეკომეგობრული სასაჩუქრე ჩანთების, ყუთებისა  და სხვა პოლიგრაფიული პროდუქციის დამზადებისას მასალების ეკოლოგიურობასა და ერთმანეთთან თავსებადობას ვითვალისწინებთ. ჩვენთან მასალების მრავალფეროვანი არჩევანია, სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ქაღალდი, მუყაო, ტექსტილი და ტყავი. ასევე ვიყენებთ ევროპის წამყვან საწარმოებში დამზადებულ სპეციალურ ქაღალდს ხშირად ჟურნალების ბეჭდვის დროსაც. 

ქაღალდი და მუყაო ბიოდეგრადირებადი მასალებია და მათგან დამზადებული ჩანთებითა და ყუთებით პლასტმასის შეფუთვის ჩანაცვლება შეგიძლიათ. გადამუშავებისთვის ვარგისი მასალა კი გამოყენების შემდეგ ახალი პროდუქციის დასამზადებლად გამოდგება. 

მზა შეფუთვის ბიოდეგრადირებადობა საღებავის, წებოსა და დამცავი საფარის შემადგენლობაზეც არის დამოკიდებული. მასალის შერჩევისას „სეზანის“ გუნდთან ერთად შეგიძლიათ განიხილოთ, სჭირდება თუ არა თქვენს შეფუთვას პლასტმასის დამატებითი ფენა. თუ პროდუქტი მის გარეშეც სათანადოდ იქნება დაცული, ამ საფარზე უარის თქმით ნარჩენების შემცირების პროცესში თქვენს წვლილს შეიტანთ.

Scroll to Top