ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სავიზიტო ბარათები იდენტური ზომით იბეჭდება, ფლაერებისთვის კი ძირითადად რამდენიმე გავრცელებული ფორმატი გამოიყენება. ასეთი სტანდარტები წლების განმავლობაში პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა. შედეგად, თითოეული ფორმატის ზომა მის დანიშნულებას შეესაბამება: სავიზიტო ბარათი თავისუფლად თავსდება საფულეში, ფლაერი სტანდარტულ კონვერტში, კატალოგი კი მოსახერხებელია როგორც ხელში დასაჭერად, ისე შესანახად.
საიდან იღებს სათავეს ქაღალდის სტანდარტული ზომები?
დღეს გავრცელებული A ფორმატების ისტორია 1786 წლიდან იწყება. ამ პერიოდში გერმანელმა მეცნიერმა გეორგ კრისტოფ ლიხტენბერგმა კოლეგისთვის მიწერილ წერილში აღწერა ფურცელი, რომლის გვერდების შეფარდება 1:2 იყო. ასეთი ფურცლის შუაზე გაყოფისას მიღებული ორივე ნაწილი სიგრძისა და სიგანის იმავე თანაფარდობას ინარჩუნებს, რაც თავდაპირველ ფურცელს აქვს. ამ პრინციპით სხვადასხვა ზომის ფურცლები ერთმანეთის პროპორციული რჩება.
ლიხტენბერგის მიერ აღწერილი შეფარდება მოგვიანებით ქაღალდის ზომების სტანდარტიზაციას დაედო საფუძვლად. 1922 წელს გერმანიაში მიიღეს DIN 476 სტანდარტი, რომლის საწყის ფორმატად A0 განისაზღვრა. მისი ფართობი ზუსტად ერთი კვადრატული მეტრია, ხოლო ყოველი მომდევნო ზომა, A1, A2, A3 და სხვა ფორმატები, წინა ფურცლის შუაზე გაყოფით მიიღება.
1975 წელს ეს სისტემა ISO 216 საერთაშორისო სტანდარტად დამტკიცდა და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენება. ერთიანი პროპორციები წიგნის ბეჭდვის პროცესშიც პრაქტიკულია, რადგან დიდი ფურცლის დაჭრისას ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნება.
რა ზომის უნდა იყოს სავიზიტო ბარათი?
სავიზიტო ბარათის ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. XV საუკუნის ჩინეთში მსგავსი ბარათით მასპინძელს სტუმრობის სურვილს აცნობებდნენ, ხოლო XVII საუკუნის ევროპაში ვაჭრები უკვე სავაჭრო ბარათებს იყენებდნენ. მათ ერთ მხარეს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იბეჭდებოდა, მეორე მხარეს კი გზის მიმანიშნებელი რუკა იყო დატანილი, რადგან ქუჩების ნუმერაცია იმ პერიოდში ჯერ არ არსებობდა. დროთა განმავლობაში ბარათის დანიშნულება შეიცვალა, თუმცა მის ორივე მხარეს ინფორმაციის დატანის ტრადიცია დღემდე შემორჩა.
ფორმასთან ერთად თანდათან ჩამოყალიბდა ბარათის ზომებიც. საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის უმეტეს ქვეყანაში, სავიზიტო ბარათები იბეჭდება ძირითადად 85×55 მმ ზომით. ეს ფორმატი თითქმის ემთხვევა საბანკო ბარათის პარამეტრებს, რომელიც 85,6×54 მმ ზომისაა, ამიტომ ბარათი თავისუფლად თავსდება როგორც საფულეში, ისე სპეციალურ ჩასადებში.
თუმცა 85×55 მმ ყველა ქვეყანაში მიღებული სტანდარტი არ არის. ამერიკასა და კანადაში გავრცელებულია 89×51 მმ ფორმატი, იაპონიაში ხშირად გამოიყენება 91×55 მმ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი 90×50 მმ ზომის სავიზიტო ბარათებიც არსებობს.
რა ზომის ფლაერებია ყველაზე გავრცელებული?
ფლაერების ზომები პირდაპირ A სერიის ფორმატებიდან არის აღებული. ყველაზე დიდი, A4 ფორმატის ფლაერები მზადდება ვრცელი ინფორმაციის განსათავსებლად და გასავრცელებლად. მათი ზომა კედელზე გასაკრავადაც შესაფერისია, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მცირე აფიშის დანიშნულებაც აქვს.
A4 ფორმატის ნახევარი, A5 ფლაერი, რომლის ზომაა 148×210 მმ, ქუჩაში დასარიგებლად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმატია. მასზე ტექსტისა და ილუსტრაციების დასაბეჭდად საკმარისი სივრცეა, ამასთან, ადვილად თავსდება ჩანთაში ან ჯიბეში.
უფრო მოკლე შეტყობინებებისთვის ხშირად ირჩევენ A6 ფორმატს, რომლის ზომაა 105×148 მმ და საფოსტო ბარათს ჰგავს. ის მოსაწვევების, ფასდაკლების კუპონებისა და ბილეთებისთვის გამოიყენება.
გავრცელებულ ზომებს შორისაა DL ფორმატიც, რომლის ზომაა 99×210 მმ. ის A4 ფურცლის სიგრძივ სამ თანაბარ ნაწილად გაყოფით მიიღება. ვიწრო და წაგრძელებული ფორმის გამო DL ფლაერი სტანდარტულ კონვერტში დაუკეცავად თავსდება, ამიტომ მას საფოსტო გზავნილებისთვის იყენებენ.
რომელი ფორმატები გამოიყენება კატალოგისთვის?
კატალოგის ბეჭდვა ძირითადად ვერტიკალური A4 ფორმატით ხდება, რადგან ამ ზომაზე პროდუქციის ფოტოებისა და ტექნიკური აღწერების განთავსებისთვის საკმარისი სივრცეა. თუ გამოცემა ხელში სატარებლად ან საფოსტო გზავნილში ჩასადებად არის განკუთვნილი, უფრო კომპაქტურ A5 ფორმატს იყენებენ. საიმიჯო კატალოგებისთვის ხშირად ირჩევენ კვადრატულ ზომასაც, მაგალითად, 210×210 მმ ფორმატს. ასეთი კატალოგი თაროზე გამორჩეულად გამოიყურება, ფოტოები კი გვერდებზე უფრო თავისუფლად ნაწილდება.
ფორმატთან ერთად წინასწარ უნდა განისაზღვროს გვერდების რაოდენობაც. განსაკუთრებით სტეპლერით აკინძული კატალოგის შემთხვევაში, გვერდების რაოდენობა ოთხის ჯერადი უნდა იყოს, რადგან დაკეცილი საბეჭდი ფურცლიდან ოთხი გვერდი მიიღება. ამიტომ 18-გვერდიანი კატალოგის მომზადება შეუძლებელია და რაოდენობა 16-მდე უნდა შემცირდეს ან 20-მდე გაიზარდოს.
გვერდების რაოდენობა განსაზღვრავს კატალოგის სისქეს, აკინძვის მეთოდი კი სწორედ ამის მიხედვით შეირჩევა. მცირე მოცულობის გამოცემები, ჟურნალების ბეჭდვის მსგავსად, ლითონის სტეპლერის ტყვიებით იკინძება, ხოლო უფრო სქელი კატალოგებისთვის თერმული წებო ან გაკერილი ყუა გამოიყენება.
რატომ არის საჭირო ჭრის მინდორი, ანუ დამატებითი სივრცე ფურცლის კიდეებთან?
ფაილის მომზადებისას საბოლოო ზომას ყოველი მხრიდან სამი მილიმეტრი ემატება, რასაც ჭრის მინდორს (ე.წ. Bleed) უწოდებენ. ბეჭდვის დასრულების შემდეგ პროდუქცია ზუსტად სასურველ ფორმატზე იჭრება. ეს დამატებითი ზოლი კი იმისთვისაა საჭირო, რომ ფონი კიდემდე გადავიდეს და ჭრის ხაზთან არასასურველი თეთრი ზოლი არ გაჩნდეს. ამავე მიზეზით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად, ტექსტი და ლოგო, ფურცლის კიდიდან რამდენიმე მილიმეტრიანი დაშორებით უნდა განთავსდეს.
საბოლოო ჯამში, ქაღალდის ყველა სტანდარტული ზომა კონკრეტულ პრაქტიკულ საჭიროებაზეა მორგებული. სავიზიტო ბარათი საფულის ზომას ერგება, ფლაერის ფორმატები უცვლელად ინარჩუნებს A სერიის პროპორციებს, კატალოგის შერჩევისას კი მთავარი ორიენტირი მისი შინაარსი და დანიშნულებაა. რა თქმა უნდა, ამ წესებიდან გადახვევაც თავისუფლად შეგიძლიათ, თუკი თქვენი იდეა ამას მოითხოვს, უბრალოდ სასურველი ფორმატი სტამბასთან წინასწარ უნდა შეათანხმოთ.
სტამბა „სეზანი“ პოლიგრაფიულ სფეროში 1993 წლიდან მუშაობს. აქ იბეჭდება სავიზიტო ბარათები, ფლაერები, კატალოგები და ნებისმიერი სხვა საბეჭდი პროდუქცია. სასურველი ფორმატის შესარჩევად და დამატებითი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს cezanne.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 032 235 70 02