მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ციფრულდება, ფიზიკური მარკეტინგული მასალები — სასაჩუქრე შეფუთვები, კატალოგები, ბროშურები თუ ფლაერები — ხშირად კვლავაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ბრენდის წარმატებაში. ამ ყველაფრის შექმნას პოლიგრაფია უზრუნველყოფს — ბეჭდური პროდუქციის დამზადების ტექნოლოგია.
პოლიგრაფიას დღეს ბევრი ძალიან მარტივად აღიქვამს, თუმცა ტერმინი უფრო მეტს გულისხმობს ვიდრე უბრალოდ საბეჭდ დაზგაზე ღილაკის დაჭერა — ის ტექნოლოგიების, პროცესებისა და მასალების კომპლექსური ერთობლიობაა.
სანამ დეტალებს ჩავუღრმავდებით, მოკლედ განვსაზღვროთ ძირითადი კომპონენტები, რომლებსაც პოლიგრაფია საკუთარ თავში აერთიანებს:
- პოლიგრაფია თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ ყველა არსებულ ბეჭდვის ტექნოლოგიას, არამედ უშუალოდ ბეჭდვისთვის მომზადების პროცესსაც — მაგალითად, არსებული პროექტის ინდივიდუალური ამოცანების გათვალისწინებით ოპტიმალური სამუშაო მეთოდის შერჩევა სხვადასხვა მაჩვენებელზე დაყრდნობით: ტირაჟი, ქაღალდი, გვერდების რაოდენობა და ა.შ. მრავალნაირი საბოლოო პროდუქტისთვის, სავიზიტო ბარათიდან დაწყებული, წიგნებით დამთავრებული.
- პოლიგრაფია მოიცავს ბეჭდვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობასაც, მათ შორის, ციფრულსა და ოფსეტურ ბეჭდვას. თანამედროვე პოლიგრაფიის დახმარებით როგორც მცირე, ისე დიდი ტირაჟების მაქსიმალურად ეფექტურად და ეკონომიურად წარმოება შეგვიძლია. მთავარია, ექპერტმა არსებულ საბეჭდ ტექნოლოგიებს შორის ყველაზე ოპტიმალური შეარჩიოს.
- პოლიგრაფია ასევე მოიცავს ბეჭდვის შემდგომ დამუშავებას (ლამინირება, ჭრა, აკინძვა), რაც პროდუქტს საბოლოო და დასრულებულ სახეს აძლევს.
ხარისხიანი პოლიგრაფიული პროდუქცია — ბროშურები, კატალოგები, შეფუთვა — კომპანიის იმიჯისა და მარკეტინგული კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიგრაფიული ამოცანების შესრულებისთვის მაღალკვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობა. სტამბა ”სეზანი” უკვე ოცდაათი წელია საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიგრაფიული კომპანიაა და ადგილობრივ ბიზნესს იდეების ხარისხიან პროდუქტად ქცევაში ეხმარება.
პოლიგრაფია, როგორც კომპლექსური პროცესი
ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე ხშირად კითხვაზე რა არის პოლიგრაფია, პასუხობენ რომ უბრალოდ ბეჭდვის სინონიმია. პასუხი… მთლად არასწორი არ არის, მაგრამ არასრულია. რეალურად პოლიგრაფია სამი მნიშვნელოვანი პროცესის ერთობლიობაა — წინასწარი მომზადება (Pre-press), ბეჭდვა (Press) და ბეჭდვის შემდგომი დამუშავება (Post-press) — ასე რომ კი, პოლიგრაფია ბეჭდვაცაა, მაგრამ მხოლოდ ბეჭდვა არაა.
პირველი, წინასწარი მომზადების ეტაპი. მოიცავს დიზაინის შექმნას, დაკაბადონებას და ფაილების ტექნიკურ მომზადებას საბეჭდად. მეორე ეტაპი უშუალოდ ბეჭდვის პროცესია, ხოლო მესამე — დამუშავების პროცესი, საბოლოო შტრიხების დამატებასა და პროდუქტისთვის დასრულებული სახის მიცემას გულისხმობს.
მაგალითად, პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია სწორი მასალის შერჩევა. ქაღალდის ტიპი, სისქე, ფაქტურა და ფერი პირდაპირ გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის აღქმაზე. თუ სოლიდური, ძვირფასი ეფექტის შექმნა გსურთ, პოლიგრაფიის ექსპერტები სქელი, მქრქალი (მატი) ქაღალდისა და მუქი ფერების გამოყენებას გირჩევენ, ხოლო პრიალა ზედაპირი უფრო ცოცხალ და სახალისო ეფექტს ქმნის, განსაკუთრებით ხალას ფერებთან კომბინაციაში. ეს პროცესი სწორედ პირველი, პრე-პრესის ეტაპის ნაწილია
ბეჭდვის შემდგომი დამუშავება არანაკლებ მნიშვნელოვანია: სწორედ ამ ეტაპზე იძენს პროდუქტი საბოლოო ფუნქციურ და ესთეტიკურ სახეს. პოსტ-პრესის ეტაპი მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორიცაა ლამინირება (დაცვისა და ეფექტისთვის), ფორმული ჭრა (die-cutting) უნიკალური ფორმის მისაღებად, თერმული ანაბეჭდი (foil stamping) ბზინვარე მეტალის ეფექტისთვის, რელიეფური ბეჭდვა (embossing) და, რა თქმა უნდა, აკინძვა. აბა წარმოიდგინეთ სასაჩუქრე ყუთების ან ჩანთების დამზადების პროცესი მხოლოდ უშუალო ბეჭდვაზე რომ მთავრდებოდეს — ხელზე უბრალოდ ბევრი დიდწილად უფუნქციო ბრენდირებულ ქაღალდს მიიღებდით. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე საუბრისას სამივე ეტაპის გათვალისწინება.
ბეჭდვის ძირითადი ტექნოლოგიები XXI საუკუნეში
თანამედროვე პოლიგრაფიული მომსახურება რამდენიმე ძირითად ტექნოლოგიას იყენებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ოფსეტური და ციფრული ბეჭდვის მეთოდები.
ოფსეტის შემთხვევაში გამოსახულება სპეციალური საბეჭდი ფირფიტებიდან ჯერ რეზინის ზედაპირზე გადადის და უკვე შემდეგ ქაღალდზე, რაც საშუალებას გვაძლევს საბეჭდი მასალა იდეალურად მოერგოს ქაღალდის ტექსტურას და საბოლოო გამოსახულების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. განსაკუთრებით ეფექტური და ეკონომიურია დიდი ტირაჟების შემთხვევაში, ამიტომ სტანდარტული არჩევანია გაზეთების, ჟურნალებისა თუ წიგნების დაბეჭდვისას.
ციფრული მეთოდი კი არ საჭიროებს საბეჭდ ფირფიტებს და გამოსახულება პირდაპირ ქაღალდზე გადააქვს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსამზადებელ დროს და მეტი პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა. იდეალურია შედარებით მცირე ტირაჟის ან პერსონალიზებული კორპორატიული საჩუქრებისთვის — მაგალითად, თუ გსურთ, მცირე ტირაჟით კლიენტებისთვის სამახსოვრო კალენდრების დამზადება, ციფრული მეთოდი ყველაზე ოპტიმალური იქნება.
კიდევ ერთი პოპულარული მეთოდია ტრაფარეტული ბეჭდვა, იგივე სერიგრაფია. ამ დროს საღებავი მასალაზე გადადის სპეციალური, წვრილად ნაქსოვი ბადის მეშვეობით. ეს ტექნოლოგია გამოირჩევა ფერების განსაკუთრებული სიმკვეთრით და მრავალფეროვან ზედაპირებზე (მაგ., ტექსტილი, მინა, მეტალი, პლასტმასი) ბეჭდვის შესაძლებლობით.
ასევე ფართო გამოყენებაშია ფლექსოგრაფია, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, საბეჭდი ფორმების თანამედროვე ვერსიაა და უმეტესად შეფუთვებისა და ეტიკეტების დასამზადებლად გამოიყენება. ის იდეალურია მოქნილ მასალებზე, მაგალითად, მუყაოსა და პოლიეთილენზე ბეჭდვისთვის და იყენებს სწრაფად შრობად საღებავებს.
თითოეული ტექნოლოგია უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითად, გრავირებას (Gravure/Intaglio), რომლის დროსაც გამოსახულება ამოტვიფრულია საბეჭდი ფირფიტის ზედაპირზე არსებულ პაწაწინა ღრმულებში, ახასიათებს ფერთა უზუსტესი გადმოცემა და გამოიყენება ძალიან დიდი, მაღალხარისხიანი ტირაჟებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, პრემიუმ კლასის სავიზიტო ბარათები ან ბლოკნოტები. პოლიგრაფია კომპლექსური სფეროა. სწორედ ამიტომ, თუ ეძებთ სანდო პოლიგრაფიას თბილისში, ყურადღებით შეამოწმეთ სტამბის რეპუტაცია და გაეცანით ყოფილი თუ მიმდინარე კლიენტების რევიუებს მომსახურებაზე — საბოლოო შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ თანამედროვე დანადგარებზე, არამედ უშუალოდ გუნდის პროფესიონალიზმზე და გამოცდილებაზე. როგორც უკვე ვახსენეთ — პოლიგრაფია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დაზგაზე თითის დაჭერა.