ივნისი 26, 2026

როდის დაიბეჭდა პირველი წიგნი: მსოფლიო და ქართული ისტორიის ორი სათავე

ნაბეჭდი წიგნი, იმ ფორმით, რომლითაც დღეს ვიცნობთ, XV საუკუნეში გაჩნდა. პირველი მასშტაბური გამოცემა გერმანიაში მომზადდა, ქართული წიგნის ისტორია კი თითქმის ორი საუკუნის შემდეგ რომში დაიწყო.

პირველი დაბეჭდილი წიგნი მსოფლიოში

1455 წელს გერმანიის ქალაქ მაინცში იოჰანეს გუტენბერგმა ლათინურ ენაზე ბიბლია გამოსცა. ეს გახლდათ ევროპაში მოძრავი ლითონის ასოებით შესრულებული პირველი მასშტაბური ნაშრომი. გამოცემა ორ ტომად მომზადდა და ისტორიაში 42 ხაზიანი ბიბლიის სახელით დამკვიდრდა, რადგან მისი ყოველი გვერდი ორ სვეტად იყოფოდა და თითოეული მათგანი 42 სტრიქონს მოიცავდა.

სინამდვილეში ბეჭდვითი ტრადიცია ამ თარიღამდე საუკუნეებით ადრეც არსებობდა. აზიაში ხის კლიშეებს VIII საუკუნიდან იყენებდნენ, კორეაში კი ლითონის ლიტერებით წიგნებს გუტენბერგამდე თითქმის 80 წლით ადრე, 1377 წელს ამზადებდნენ. მიუხედავად ამისა, ევროპული სტამბის ფესვები მაინცშია და სწორედ გუტენბერგის მოღვაწეობამ დაუდო სათავე იმ მასშტაბურ პროცესს, რომელმაც მოგვიანებით მთელი მსოფლიო მოიცვა. ახალმა მეთოდმა წიგნის ბეჭდვის ტემპი დააჩქარა. მანამდე ტექსტებს ხელით წერდნენ, რაც მრავალწლიან დაუღალავ შრომას მოითხოვდა.  

ამ წარმატების შემდეგ ტექნოლოგიური სიახლე სწრაფად გავრცელდა. სამ ათეულ წელიწადში ევროპის ყველა დიდ ქვეყანაში უკვე მინიმუმ ერთი სტამბა ფუნქციონირებდა. ბიბლიის ამ გამოცემამ მწიგნობრობა ფართო საზოგადოებამდე მიიტანა და ცოდნის გაზიარების პროცესი დააჩქარა.

როდის და სად დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი?

პირველი ქართული წიგნი 1629 წელს რომში დაიბეჭდა. ქართულ-იტალიური ლექსიკონი ქართველმა სასულიერო პირმა, ნიკიფორე ირბახმა, იტალიელ მესტამბე სტეფანო პაოლინისთან თანამშრომლობით მოამზადა. იმავე პერიოდში იტალიის დედაქალაქში კიდევ ერთი წიგნი, „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“, გამოიცა.

ქართული წიგნის რომში, და არა სამშობლოში დაბეჭდვა, XVII საუკუნის რთული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. იმ პერიოდში ქვეყანას შაჰ-აბასის შემოსევები ემუქრებოდა, რის გამოც ქართლის მეფე თეიმურაზ I ევროპასთან მჭიდრო კავშირის დამყარებას ესწრაფოდა. ეს ნაბიჯი დასავლური სამყაროსთვის ქართული ენისა და კულტურის გაცნობის საუკეთესო გზას წარმოადგენდა.

იტალიაში გამოცემულმა ნაშრომებმა XIX საუკუნემდე განსაკუთრებული დანიშნულება შეინარჩუნა. სწორედ მათი დახმარებით ეცნობოდნენ დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეები ქართულ დამწერლობასა და მეტყველებას. 1643 წელს იქვე დაიბეჭდა იტალიელი მისიონერის, ფრანჩესკო მარია მაჯოს „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც იბერიულ-კავკასიური ენობრივი ჯგუფის პირველ სახელმძღვანელოდ მიიჩნევა.

როდის გაიხსნა პირველი სტამბა საქართველოში?

რომში პირველი ქართული წიგნის გამოცემიდან რვა ათეული წლის შემდეგ, 1709 წელს, მეფე ვახტანგ VI-მ პირველი სტამბა თბილისში, მტკვრის სანაპიროზე, საქართველოში პირველი სტამბა დააარსა. ტექნიკური სისტემების გასამართად მეფემ რუმინეთიდან საგანგებოდ მოიწვია ოსტატი მიხაი იშტვანოვიჩი, რომელიც ქართველი განმანათლებლის, ანთიმოზ ივერიელის მოწაფე გახლდათ.

ამ სახელოსნოში თავდაპირველად „სახარება“ დაიბეჭდა, იმავე წელს კი „დავითნი“ და „სამოციქულო“ მომზადდა. ვახტანგისეული სტამბისთვის სპეციალურად ჩამოისხა ქართული შრიფტი, რომელიც მოიცავდა როგორც ასომთავრულსა და ნუსხურ, ისე მხედრულ დამწერლობას. მესტამბეები შავსა და წითელ საღებავს იყენებდნენ, მოგვიანებით ბეჭდვის სხვადასხვა ტექნიკებიც აითვისეს მათ შორის ფერადი ბეჭდვა.

1712 წელს ამავე სტამბაში პირველი „ვეფხისტყაოსანი“ დაიბეჭდა, რომელიც თავად ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით გამოიცა. ჯამში, 1709 წლიდან 1722 წლამდე, ოცამდე სხვადასხვა დასახელების ნაშრომი მომზადდა, რომელიც უმეტესად სასულიერო ხასიათს ატარებდა. აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემების ხარისხი იმდროინდელი ევროპული სტამბების პროდუქციას არაფრით ჩამოუვარდებოდა.

ქართული ბეჭდური წიგნის გზა დღემდე

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემიდან თითქმის ოთხი საუკუნე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სტამბამ განვითარების არაერთი საფეხური გაიარა – რომიდან თბილისამდე და ხელით აკრეფილი ლიტერებიდან თანამედროვე ოფსეტურ თუ ციფრულ ტექნოლოგიებამდე. მართალია, დროთა განმავლობაში შეიცვალა შრიფტი, ფორმატი, ქაღალდი და წარმოების პროცესი, თუმცა უცვლელი დარჩა შინაარსობრივი მისია, რაც ბეჭდური გვერდის მეშვეობით ცოდნისა და კულტურის დაცვასა და გაზიარებას გულისხმობს.

სტამბა „სეზანი“ ქართულ პოლიგრაფიულ ბაზარზე 30 წელზე მეტია მოღვაწეობს. 1993 წელს დაარსებული კომპანია ერთ-ერთი პირველი კერძო ოფსეტური სტამბა იყო, დღეს კი იგი წიგნებს, ჟურნალებსა და სხვა ბეჭდურ პროდუქციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით ამზადებს. ჩვენი გუნდისთვის წიგნზე მუშაობა მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის, რადგან ეს საქმიანობა მრავალსაუკუნოვანი ქართული ბეჭდვითი ტრადიციის ღირსეული გაგრძელებაა.

Scroll to Top