პატარა ბავშვი წიგნს განსხვავებულად აღიქვამს, რადგან ის მას აქტიურად ეხება, პირთან ახლოს მიაქვს და ზოგჯერ ღეჭავს კიდეც. ვინაიდან ეს გარემოს შეცნობის ბუნებრივი პროცესია, საბავშვო წიგნების ბეჭდვისას მასალები განსაკუთრებული ყურადღებით შეირჩევა.
იმისთვის, რომ ნაბეჭდი პროდუქტი პატარებისთვის უსაფრთხო იყოს, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ტიპის საღებავი და ქაღალდია გამოყენებული წიგნის დამზადებისას ან რა შემადგენლობის წებოთია ის აკინძული.
რას შეიცავს ტრადიციული მეთოდით დაბეჭდილი წიგნები?
ნავთობის ბაზაზე დამზადებული საღებავები, რომლებიც პოლიგრაფიაში დღემდე გამოიყენება, ბენზოლსა და ტოლუოლს შეიცავს. ახალი გამოცემის გადაშლისას ის სპეციფიკური სუნი, რომელსაც მკითხველი მყისიერად გრძნობს, სწორედ ამ ნაერთების აორთქლების შედეგია. აღნიშნული ნივთიერებები ტოქსიკური თვისებებით გამოირჩევა და სასუნთქი გზებისთვის საზიანოა.
ფერად საღებავებში, განსაკუთრებით კი ყვითელ და წითელ ფერებში, ისტორიულად ტყვიის შემცველი პიგმენტები გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტანდარტებით ამ ლითონის შემცველობა მკაცრად რეგულირდება, დაბალბიუჯეტიანი ბეჭდვის შემთხვევაში ეს რისკი კვლავ არსებობს.
აკინძვისას სწრაფშრობადი წებოები გამოიყენება და ზოგიერთი მათგანი ფორმალდეჰიდს შეიცავს, რომელიც კანცეროგენულ ნივთიერებად მიიჩნევა. პლასტმასის კომპონენტებში კი ფტალატების არსებობაც ხშირია. პატარებისთვის, რომლებიც წიგნს ხანგრძლივად ეხებიან, მსგავს ნაერთებთან კონტაქტი სასურველი არ არის.
საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო სტანდარტები მოქმედებს, რომლებიც საბავშვო პროდუქციაში მავნე მინარევების დასაშვებ ზღვარს აწესებს. ამერიკული CPSIA და ევროპული EN71 ყველაზე გავრცელებული რეგულაციებია, ვინაიდან ისინი ტყვიის, ფტალატებისა და სხვა მავნე ელემენტების კონცენტრაციას მკაცრად განსაზღვრავს.
უსაფრთხო მასალები და მელნები
თანამედროვე პოლიგრაფიაში ნავთობის ბაზაზე დამზადებულ მელნებს რამდენიმე უსაფრთხო ალტერნატივა ანაცვლებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული სოიოს ზეთზე შექმნილი საღებავია, რომელიც მავნე აქროლად ორგანულ ნაერთებს არ შეიცავს. ინოვაციურ პროდუქტად მიიჩნევა ბრინჯის ქატოსგან მიღებული მელანიც, რადგან ის სრულად ბიოდეგრადირებადია. ასევე, ფართოდ გამოიყენება წყლის ბაზაზე შექმნილი ფორმულები, რომელთა შემადგენლობაში იზოპროპილის სპირტი არ შედის.
ქიმიური წებოების ჩასანაცვლებლად მცენარეული საშუალებები გამოიყენება. სახამებლის ან კაზეინის ბაზაზე დამზადებული პროდუქტები ტრადიციული სინთეტიკური ნივთიერებების საიმედო შემცვლელებია. ეს წებოები საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებსაც აკმაყოფილებს და წიგნსაც მყარად აფიქსირებს.
საბავშვო ლიტერატურის გამოცემისას ქაღალდის ხარისხსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. FSC სერტიფიკატის მქონე ნედლეული ადასტურებს, რომ მასალა პასუხისმგებლობით მართული ტყეებიდან მოიპოვება და მავნე მინარევებს არ შეიცავს. არსებობს ისეთი ალტერნატივებიც, როგორიცაა ბამბუკის ან ბამბის ბოჭკოსგან ნაწარმოები ქაღალდი, რომელიც გამძლეობით ხის მერქნისგან მიღებულ მასალას არ ჩამოუვარდება.
რომელი ფორმატი რომელ ასაკს შეესაბამება?
მუყაოს წიგნების (Board books) ფორმატი სპეციალურად ჩვილებისა და სამ წლამდე ბავშვებისთვის იბეჭდება. გვერდები სქელი მუყაოსგან მზადდება და ლამინირებულია, ამიტომ მდგრადია ღეჭვის, ხევისა თუ სხვა ტიპის დაზიანების მიმართ. ამგვარი გამოცემების კუთხეები ყოველთვის მომრგვალებულია, რათა პატარებმა თავი არ დაიზიანონ. მსგავს წიგნებში ტექსტი მინიმალურია, ილუსტრაციებისთვის კი მკვეთრი და კონტრასტული ფერებია შერჩეული.
მყარყდიანი წიგნები სამიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. აღნიშნული ფორმატი კარგად უძლებს ხშირ გამოყენებას და საუკეთესო არჩევანია სასაჩუქრედ. გვერდები, როგორც წესი, 150-დან 200 გრ/მ² სიმკვრივის ქაღალდზე იბეჭდება, რის გამოც მასზე დატანილი ფერები მკაფიოდ აღიქმება. გამოცემის ზომა კი, ჩვეულებრივ, დიდია, რათა ილუსტრაციებისთვის საკმარისი სივრცე დარჩეს.
რბილყდიანი წიგნები ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ამ პერიოდში ისინი ნივთებს, მათ შორის ლიტერატურას, უკვე სიფრთხილით ეპყრობიან. ეს ფორმატი მოთხოვნადია სასწავლო მასალებში, აქტივობების რვეულებში, ფერად ბლოკნოტებსა და სერიულ გამოცემებში. მსუბუქი წონისა და კომპაქტურობის გამო, მსგავსი პროდუქცია ადვილად ეტევა ჩანთაში და ხელმისაწვდომი ფასის გამო იდეალურია სკოლებისა თუ მასობრივი გავრცელებისთვის.
რა უნდა გაითვალისწინოთ საბავშვო სერიის გამოცემისას?
ამრიგად, საბავშვო წიგნის დაბეჭდვისას მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება:
- გაითვალისწინეთ ასაკობრივი ფაქტორი და შეარჩიეთ შესაბამისი ფორმატი;
- დაინტერესდით, თუ რა ტიპის საღებავითა და წებოთი იბეჭდება გამოცემა;
- ყურადღება მიაქციეთ სერტიფიკატებს, როგორიცაა FSC ნიშანი ქაღალდზე, ასევე, CPSIA ან EN71 სტანდარტების შესაბამისობა გამოყენებულ მასალებზე;
- ითანამშრომლეთ ისეთ სტამბასთან, რომელსაც საბავშვო ლიტერატურის ბეჭდვის მრავალწლიანი გამოცდილება და მასალების ხარისხზე მკაცრი კონტროლი აქვს.
ხარისხიან საბავშვო გამოცემას ვიზუალურ მხარესთან ერთად უსაფრთხო მასალები, სწორი ფორმატი და საიმედო პოლიგრაფიული შესრულება განსაზღვრავს. სტამბა „სეზანი“ 30 წელზე მეტია წიგნებს სწორედ ამ კრიტერიუმების დაცვით ბეჭდავს.
თუ გაქვთ ჩანაფიქრი და საბავშვო წიგნების გამოცემას გეგმავთ, გაგვიზიარეთ და ერთად შევქმნით წიგნს, რომელიც უსაფრთხოც არის, შემეცნებითიც და სასიამოვნოც.