ივნისი 5, 2026

ყველაზე ლამაზი და უჩვეულო წიგნები მსოფლიოში – სტამბა ,,სეზანი” საინტერესო გამოცემებს გიზიარებთ

წიგნი, ტრადიციული გაგებით, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარების წყაროა. თუმცა, კაცობრიობის ისტორიამ შემოინახა არაერთი ისეთი ეგზემპლარი, რომელიც თავდაპირველ დანიშნულებას სცდება და ხელოვნების ნიმუშად აღიქმება. მსგავსი გამოცემები მხოლოდ შინაარსით არ გამოირჩევა. მათში განსაკუთრებულია ქაღალდის ფაქტურა, ყდა, ილუსტრაციები და აკინძვის სპეციფიკაც კი.

ისტორიული გამოცემები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს

კელსის წიგნი ახ.წ. 800 წლით თარიღდება. ეს ილუმინირებული ხელნაწერი ახალი აღთქმის ოთხ სახარებას აერთიანებს და, სავარაუდოდ, ირლანდიის ერთ-ერთ კელტურ მონასტერში შეიქმნა. გამოცემა საყოველთაოდ ცნობილია რთული ორნამენტებით, ოქროს დეტალებითა და დახვეწილი კალიგრაფიით. 

გუტენბერგის ბიბლია 1455 წელს დაიბეჭდა. წიგნის ფურცლები მაღალი ხარისხის ხბოს ტყავისგან დამზადდა, ილუსტრაციები კი ხელით შესრულდა. დღეს, როდესაც წიგნების ბეჭდვა ტექნოლოგიების დახმარებით ხდება, რთულად წარმოსადგენია ის ძალისხმევა, რომელიც ამ ისტორიული ნიმუშის შექმნას დასჭირდა.

ჯონ ჯეიმს ოდიუბონის ნაშრომი „ამერიკის ფრინველები“ გამორჩეული და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წიგნებიდან ერთ-ერთია. ავტორმა მასში 435 ხელით შეფერილი ილუსტრაცია მოათავსა, სადაც ფრინველები თავისი ბუნებრივი ზომითაა გამოსახული, რის გამოც წიგნის სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. 

ხელნაწერი მემკვიდრეობის კიდევ ერთი უნიკალური ნიმუშია ლეონარდო და ვინჩის ლესტერის კოდექსი. ეს 72-გვერდიანი ტექსტი ავტორის სამეცნიერო ჩანაწერებსა და ესკიზებს ინახავს. ჩანაწერები ლეონარდოსთვის დამახასიათებელი სარკისებური მანერით, მარჯვნიდან მარცხნივაა შესრულებული. 

თანამედროვე და ექსპერიმენტული წიგნები

თუ ისტორიული ხელნაწერების ფასი შესრულების ხანგრძლივ და რთულ პროცესს უკავშირდებოდა, თანამედროვე გამოცემები სულ სხვა მიდგომით იქცევს ყურადღებას. დღეს პოლიგრაფია ისეთ ელემენტებსა და ვიზუალურ ეფექტებს ეფუძნება, რომელთა უნიკალურობაც მხოლოდ უშუალო შეხებისას ან დაკვირვებისას შეიმჩნევა.

ამის თვალსაჩინო ნიმუშია ჯონათან საფრან ფოერის Tree of Codes (2010). მწერალმა ბრუნო შულცის კრებულიდან „ნიანგების ქუჩა“ ტექსტის უმეტესობა ამოჭრა და გვერდებზე მხოლოდ შერჩეული სიტყვები დატოვა, რომლებიც ახალ, დამოუკიდებელ ამბავს ჰყვება. პროექტი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მის შესრულებას მხოლოდ ბელგიური სტამბა die Keure დათანხმდა. ფოერის განმარტებით, გამოცემა მხოლოდ რბილი ყდით დაიბეჭდა, რადგან მყარ ყდაში გვერდები საკუთარ წონას ვერ უძლებდა და ფორმას კარგავდა.

კულინარიული ლიტერატურის უჩვეულო მაგალითია საკვებად ვარგისი კულინარიული წიგნი (Korefe / Gerstenberg). გერმანულმა დიზაინერულმა სტუდიამ ეს გამოცემა პირდაპირ ცომის ფირფიტებისგან დაამზადა, სადაც რეცეპტები საკვებად უსაფრთხო საღებავითაა დაბეჭდილი. მკითხველი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ ფურცლებს საცხობ ფორმაში აწყობს და ნამდვილ ლაზანიას ამზადებს.

ექსპერიმენტული მიდგომით გამოირჩევა ხორვატიული სტუდიის მიერ შექმნილი სიბნელეში მბზინავი წიგნი (Bruketa & Žinić). დღის შუქზე ის თეთრ ჟურნალს ჰგავს, სადაც არც სათაური და არც ილუსტრაციები არ ჩანს. მისი შინაარსი მხოლოდ სიბნელეშია ხილული. 

„ჯიანგსუს ძველი ხელობები“ ჩინურმა გამომცემლობამ ჩვეულებრივი ქაღალდის ნაცვლად იმ უბრალო შესაფუთ ქაღალდზე დაბეჭდა, რომელსაც უწინ მაღაზიები საკვებისთვის იყენებდნენ. შავ-თეთრი ილუსტრაციები და ფურცლების დაუმუშავებელი კიდეები გაქრობის პირას მყოფ ტრადიციებს ეხმიანება. 2019 წელს ლაიფციგის საერთაშორისო კონკურსზე ამ ნამუშევარმა „მსოფლიოს ყველაზე ლამაზი წიგნის“ საპატიო ჯილდო დაიმსახურა.

მსგავსი კრეატიული მიდგომა მასალებისადმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წიგნებისთვის, არამედ მცირე პოლიგრაფიული პროდუქტებისთვისაც, როგორიცაა უნიკალური და ლამაზი დიზაინის ფლაერების ბეჭდვა ან ბრენდირებული პროდუქცია.

ლაიფციგის კონკურსი – სად ირჩევენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ წიგნს?

1963 წლიდან მოყოლებული, გერმანიის ქალაქი ლაიფციგი ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსს „Best Book Design from all over the World“ მასპინძლობს. მონაწილეთა რიგებში 30-ზე მეტი ქვეყნის ის გამოცემები ხვდება, რომლებმაც ეროვნულ დონეზე გამარჯვება უკვე მოიპოვეს.

საერთაშორისო ჟიური წარმოდგენილ ნამუშევრებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებს, ესენია: ტიპოგრაფიული გაფორმება, მასალების ხარისხი, ბეჭდვის ტექნიკა და აკინძვის ოსტატობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მთლიან კონცეპტუალურ ხედვას, ხოლო უმაღლესი აღიარება, „ოქროს ასო“ (Goldene Letter), მხოლოდ ერთ გამორჩეულ ეგზემპლარს ენიჭება.

2024 წელს ეს პატივი ჰოლანდიურ-შვეიცარიულ პროექტს „Walking as Research Practice“ ხვდა წილად. ჟიურის მოხიბვლა ტაქტილურმა ქაღალდმა, სპეციფიკურად დამუშავებულმა კიდეებმა და ფორმამ შეძლო, რაც ნაწარმოების შინაარსთან სრულყოფილ თანხვედრას ქმნიდა. 2025 წელს კი მთავარი ჯილდო ჰოლანდიურმა ნაშრომმა „Forget Me Not / Vergissmeinnicht“ დაიმსახურა, რომელიც აღმოსავლეთ შვეიცარიის მე-19 საუკუნის ტექსტილის საშრობ კოშკებს ეძღვნება.

ლაიფციგის პლატფორმა იმითაა საინტერესო, რომ აქ შინაარსი გარკვეულწილად მეორეხარისხოვანია. მთავარი ყურადღება იმაზე მახვილდება, თუ როგორაა წიგნი ფიზიკურად შესრულებული. მსგავსი ხედვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიგრაფიული შესრულება დამოუკიდებელ ღირებულებას ფლობს.

რატომ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ არის წიგნი დაბეჭდილი?

ამ ბლოგში მიმოხილული წიგნები ერთმანეთისგან ეპოქით, თემატიკითა და დანიშნულებით განსხვავდება, თუმცა ერთი რამ აკავშირებთ – მათი ფიზიკური ფორმა შინაარსისგან განუყოფელია. მაგალითად, კელსის წიგნის ოქროს ორნამენტები იმავე ისტორიას ჰყვება, რასაც თავად ტექსტი. აქედან გამომდინარე, თითოეული გამოცემის შექმნისას ქაღალდის შერჩევას, ბეჭდვის მეთოდსა და აკინძვის სპეციფიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს პრინციპი ვრცელდება ნებისმიერ ბეჭდურ პროდუქტზე – იქნება ეს მრავალგვერდიანი ალბომი თუ ბრენდირებული სავიზიტო ბარათების დამზადება, სადაც თავდაპირველად ყურადღება სწორედ ხარისხს ექცევა.

ნამუშევრის მხატვრული ღირებულების შენარჩუნება სტამბის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რადგან პოლიგრაფიულმა გუნდმა უნდა შეძლოს ავტორისა და დიზაინერის ჩანაფიქრის ზუსტი რეალიზება.
სტამბა „სეზანი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 30 წელზე მეტია საქმიანობს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ მრავალმხრივი გამოცდილება დააგროვა წიგნების, ჟურნალების, კატალოგებისა თუ სხვა ბეჭდური პროდუქციის შექმნაში.

Scroll to Top